English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 3 ∘ ჟანა თოლორდავა
მომავლის განჭვრეტადი პროფესიების კომპეტენციების ფორმირება

PDF ვერსიის სანახავად დააჭირეთ ბმულს

 

დღეს მთელ მსოფლიოში, განათლების ძირითადი ამოცანების განხილვისას, აქტიურად მსჯელობენ  მომავალი სპეციალისტის მომზადებისადმი კომპეტენციური მიდგომის შესახებ. ამ პროცესში  მონაწილე ქვეყნები ასახელებენ კომპეტენციებს, როგორც წამყვან კრიტერიუმს, რომელიც განსაზღვრავს ახალგაზრდა სპეციალისტების  მომზადების დონეს არასტაბილურ სამუშაო პირობებსა და სოციალური გარემოში. 

         აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად საჭიროა მოქმედი სპეციალისტის საგანმანათლებლო საქმიანობაში ფორსაიტ-კომპეტენციის არსებობა და ძირითადი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დაუფლების პროცესში მომავალი სპეციალისტის ფორსაიტ-კომპეტენციის ფორმირება. ამ შემთხვევაში შესაძლებელი ხდება კონკრეტული დარგის სპეციალისტის უნარებისა და კომპეტენციების, მისი პროფესიული მომავლის  მოდელის შემუშავება, რაც საბოლოოდ ხელს უწყობს ეროვნული ეკონომიკის ზრდასა  და ქვეყნის განვითარებას. 

         Foresight (განჭვრეტა) არის ერთობლივი პროცესი, რომელსაც იყენებს ყველა სახის ორგანიზაცია, კომპანია თუ სასწავლო დაწესებულება, რაც იძლევა ინფორმაცის შეგროვებისა და გაანალიზების საშუალებას.  ამ შემთხვევაში განჭვრეტის მიზანია მომავალის დანახვა იმ ასპექტით, რომლის შექმნა ან მოდელირება პროექტში მონაწილეთა ჯგუფს შეუძლია და  რაზედაც ისინი  გავლენას ახდენენ სხვადასხვა პარამეტრებისა და ბლოკების სრული შეცვლით ან მათი მოდიფიკაციით. 

        სხვადასხვა დონის მრავალი ცვლადის მართვა, რომლებიც მოცემულ მიზანს უკავშირდება,  იძლევა  შესაძლებლობას სწორად განისაზღვროს რა მოხდება მომავალში და ამ ცოდნის საფუძველზე დაიგეგმოს  დღევანდელი და სამომავლო მოქმედებები.

საკვანძო სიტყვები:  ფორსაიტ-კომპეტენციები, პროფესიული მოდელი, სოციალურ-ეკონომიკური  პროგნოზირება, კომპეტენციური სპეციალისტი.

JEL Codes: A10, A13, A14, A19.




შესავალი

    თანამედროვე საზოგადოებაში სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მთავარი ფაქტორია ადამიან-კაპიტალი, რომლის ფორმირების წყაროებია ცოდნა, გამოცდილება, უნარ-ჩვევები და შრომის კულტურა.  ამ თვისებების  გამომუშავება და განვითარება არის უმაღლესი სკოლის აქტუალური პრობლემა. 

       პრაქტიკა ცხადჰყოფს, რომ რაც უფრო მაღალია მუშაკთა განათლების დონე, მით უფრო აქტიურად ხორციელდება  ტექნოლოგიური პროგრესი და იზრდება ინოვაციების ათვისების უნარი საზოგადოების მიერ. ამ პირობებში წინა პლანზე გამოდის ადამიან-კაპიტალი, რომლის მეშვეობით ახალი იდეები, ტექნოლოგიები სწრაფად ინერგება  და ბაზარზე წარმატებული კონკურენცია მიიღწევა. 

          ამასთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ 2012 წელს OECD (ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების საერთაშორისო ორგანიზაცია) ექსპერტებმა  ჩამოაყალიბეს,  ადამიან-კაპიტალის განვითარების კომპეტენციების სტრატეგიის თვალთსაზრისით, საკვანძო მიმართულებები, მათ შორის აქტუალური უნარ-ჩვევების განვითარება (საჭირო კომპეტენციების ხარისხობრივი და რაოდენობრივი დონის მიღწევა დამსაქმებელთა მოთხოვნაზე ორიენტაციით).

       ამ ნაწილში აქცენტი კეთდება სხვადასხვა კომპეტენციის მოთხოვნის მონიტორინგზე, მაღალი დამატებითი ღირებულების მქონე დარგების განვითარების ხელშეწყობაზე, რეგიონული სპეციფიკის გათვალისწინებაზე, განათლების ყველა დონეზე მისი ხარისხის შეფასებაზე,  დამსაქმებლების მოტივაციაზე თანამშრომლების დამატებით სწავლებაზე, პერსონალის ჩართვაზე საკუთარ ბიზნეს-სტრატეგიებში  და ა.შ. უნარების  გამომუშავებისა და  მათი გამოყენების ეფექტიანობის ზრდის თვალსაზრისით, შემოღებულ იქნა    თანამედროვე სამეწარმეო საქმიანობის და მისი  პრაქტიკული ბლოკების, ამოცანებისა და იმიტაციური მოდელების სახით,  გაღრმავებული სწავლება უნივერსიტეტებში (თოლორდავა, 2017).

        ყველა ეს ღონისძიება კომპეტენციების დეფიციტის გადალახვის, მდგრადი ეკონომიკური ზრდისა და განათლების განვითარების   საშუალებას იძლევა. 

 

ფორსაიტი  -  წარმოდგენა  პრობლემებზე,

პერსპექტივებზე, შესაძლებლობებზე

 

         ქვეყნის, რეგიონების, დარგების ეფექტიანი სამეცნიერო-ტექნიკური განვითარების უზრუნველყოფის მნიშვნელოვან პირობას წარმოადგენს პრიორიტეტების დასაბუთებული  შერჩევა, სამეცნიერო პოტენციალის, ფინანსური და მატერიალური რესურსების კონცენტრაცია მათი რეალიზაციისათვის. ამასთან, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში პრიორიტეტების დაწესება განიხილება მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავების კონტექსტით. პრიორიტეტების შერჩევის ერთ-ერთ ინსტრუმენტს წარმოადგენს ფორსაიტი. ფორსაიტი გამოიყენება როგორც ქვეყნის მასშტაბით, ასევე ეკონომიკის დარგებისა და რეგიონების განვითარების საპროგნოზო პარამეტრების შესამუშავებლადაც.

      ფორსაიტი (ინგლისურიდან Foresight - შეხედე მომავალს, შორსმჭვრეტელობა) , ფაქტობრივად,  უფრო  მომავლის პროექტირებაა, ვიდრე პროგნოზირება, რომელიც დამყარებულია  იმის ცოდნაზე, რომ მომავალს გააჩნია განვითარების სხვადასხვა ვარიანტი და საჭიროა სასურველის შერჩევა (UNIDO. 2005).

            ამასთან დაკავშირებით, საინტერესოა ფორსაიტის მკვლევარ პ. ბეკერისეული  განსაზღვრა,  როგორც ”მომავლის აქტიური შესწავლისა და საშუალო და გრძელვადიანი პერსპექტივის ხედვის შექმნის პროცესი; მეცნიერების, ეკონომიკისა და საზოგადოების მომავლის სისტემატური კვლევა აქტუალური გადაწყვეტილებების მიღების მიზნით  და მათი განხორციელებისათვის ერთობლივი ძალისხმევის მობილიზება"   [Becker, Р. 2003].

          ფორსაიტი არის მომავლის მოდელირების ინოვაციური,  რაციონალური ინსტრუმენტი, ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას აძლევს ამ პროცესში მონაწილე პირთა წრეს შეთანხმდნენ მომავლის ხედვაზე, მათ ქმედებებზე ამ მომავალსა  და სასურველ მომავალთან დაკავშირებით.

        ალბერტო რობიატი, ექსპერტი სტრატეგიული ხედვისა და მომავლის სცენარების მოდელირების სფეროში,  თვლის:    „ჩვენ გვჭირდება ახალი მოდელები, ახალი ინსტრუმენტები, ახალი მენტალიტეტი, რომელიც დაგვეხმარება გრძელვადიან პერსპექტივაში ცვლილებების განსაზღვრაში, სხვადასხვა ასპექტის გასაგებად იმ ჰორიზონტების გაფართოებით, რომელიც    ჩვენს ჩვეულ სპექტრში (არეალში) არ შედიოდა. დღევანდელი კვლევები აუცილებელი საფუძველია მოსალოდნელი ცვლილებების შესწავლისა და მათი შესაძლო ვარიანტების ინტერპრეტაციისთვის, მათი  არსებობის პერსპექტივების  დადგენისათვის, სტრატეგიული პოტენციალის  გასაუმჯობესებლად, სამომავლო ლიდერობაზე ორიენტირებული ახალი უნარების გასააქტიურებლად" (Robiati A . 2020).

        გრძელვადიანი პროგნოზის თეორიული და მეთოდოლოგიური საფუძვლები და ტექნოლოგიები პირველად შემუშავდა 1950-იან წლებში კომპანია RAND Corporation–ის მიერ.  პროგნოზირების მიზნებისთვის მან   გამოიყენა დელფის მეთოდი, რომელიც  ითვალისწინებდა მოწვეულ ექსპერტთა ჯგუფის ყველა წევრისდამოუკიდებელ აზრს განსახილველ საკითხზე და საბოლოოდ, მათი  იდეების, დასკვნებისა და წინადადებების თანმიმდევრულად შერწყმის გზით  შეთანხმების მიღწევას.  

         ამ გზით მიღებული იყო გადაწყვეტილება მომავლის ხედვის  შემუშავების,  მის მისაღწევად საჭირო რესურსების განსაზღვრისა და  არსებული ტენდენციების გამოსწორების შესაძლო გზების შესახებ. 

       მოგვიანებით, ფორსაიტის იდეა ბიზნესპრაქტიკაში იქნა  გამოყენებული  იაპონელების მიერ, რომლებიც 1970-იანი წლებიდან ყოველ ხუთ წელიწადში ატარებენ ფართომასშტაბიან კვლევებს ტექნოლოგიების განვითარების გრძელვადიანი პერსპექტივების სფეროში  და  წამყვან პოზიციებს იკავებენ მსოფლიოში. 

        დარგობრივ ლიდერებს, როგორიცაა Shell, Boeing, GE და ბევრ სხვა კორპორაციას აქვთ ფორსაიტ-განყოფილებები, რომლებმაც დაიწყეს ფორსაიტის გამოყენება სასურველი მომავლის დასახვის მიზნით და თუნდაც იმისათვის, რომ ამ მომავლისკენ   გააზრებული ქმედებები განახორციელონ ან მისთვის  მზად იყონ (Dirina , 2015).

              არსებობს მსოფლიო კორპორაციების გაერთიანების მაგალითები  ფორსაიტის ფარგლებში, როგორიცაა, Vision 2050 პროექტი. ეს არის მდგრადი განვითარების მეწარმეთა მსოფლიო საბჭოს (WBCSD) პროექტი იმის შესახებ, თუ როგორი იქნება ბიზნესი 2050 წელს ეკონომიკური  ცვლილების პირობებში.

            საბჭო არის ერთგვარი პლატფორმა კომპანიებისთვის, რომელთაც სურთ შეისწავლონ მდგრადი განვითარების პრინციპები,  იმოქმედონ მათ საფუძველზე და დროულად განსაზღვრონ, თუ რა სცენარებით შეიძლება განვითარდეს ბიზნესი. საბჭო ასევე წარმოადგენს პლატფორმას იმ კომპანიებისთვის, რომელთაც სურთ დაიცვან თავიანთი პოზიციები ამ საკითხებზე სხვადასხვა ფორუმზე, მთავრობებთან, საერთაშორისო  და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით.

         როგორც წესი, დღეს  ყველა ფორსაიტ-პროექტში გამოიყენება სხვადასხვა მეთოდის კომბინაცია, როგორიცაა: ექსპერტთა პანელები, დელფის მეთოდი (ექსპერტთა გამოკითხვები ორ ეტაპად), SWOT - ანალიზი, სცენარების აგება- შექმნა, ტექნოლოგიური საგზაო რუქები, რელევანტურობის ხეები, ურთიერთგავლენის ანალიზი და სხვ.,  ასევე ბლიცთამაშები, ანუ ტვინის იერიში,  როლური და დისკუსიის ელემენტებით თამაშები და, ამასთან ერთად,  დიდი სეკვენციური (თანმიმდევრული)  საქმიანი თამაშები, რომლებიც იმიტირებენ სისტემას, სადაც ხორციელდება ყველა ძირითადი მმართველობითი პროცესი, რომელიც  ახასიათებს საწარმოს.

          ბლიცთამაშების, როლური და საქმიანი თამაშების გამოყენება შემთხვევითობა არ არის, დღეს გეიმიფიკაცია, ანუ ე.წ. „სერიოზული თამაშების-serious games“-ს  გამოყენება განათლებაში, მეცნირებაში, ბიზნესსა და საწარმოო პროცესებში, მართვასა და  პერსონალის შეფასება -შერჩევაში, იქცა აუცილებელ  კომპონენტად.

       მოყვანილი მეთოდების   ფორსაიტპროექტში   გამოყენებით მიიღწევა ქვეყნების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სამომავლო სცენარების აგება: მთლიანად ეკონომიკის, დარგების, საზოგადოების განვითარების ვარიანტების დადგენა, ცალკეული დარგებისთვის  კვალიფიციური კადრების მოძიებაში რისკების განსაზღვრა, რათა დროულად მოხდეს დეფიციტური  კომპეტენციების მქონე მუშაკების მომზადება და გადამზადება. ყოველივე ეს ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ  ზრდას და მის მდგრად განვითარებას.

         ფორსაიტი გამოიყენება არამხოლოდ ტექნოლოგიურ და ბიზნესგარემოში, არამედ საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სექტორში. ფორსაიტის კვლევის მიზანი შეიძლება იყოს: ეკონომიკა,  განათლება,  ჯანდაცვა,  მენეჯმენტი, კულტურა, გარემოს დაცვა, ტრანსპორტი და ა.შ.  

    

ფორსაიტის გამოყენება საქართველოში

 

      რიგ ავტორთა კვლევების შედეგად დადგენილია, რომ საქართველოში ჯერ არ არის შექმნილი არცერთი სტრატეგიული დოკუმენტი ფორსაიტის გამოყენების საფუძველზე. ყველა არსებული სტრატეგიული დოკუმენტი გათვლილია მაქსიმუმ 5 წელზე, ყოველგვარი მეცნიერულ-ტექნიკური ანალიზის გარეშე. სწორედ მეცნიერულად დასაბუთებული ფორსაიტის (და არა პროგნოზირების) კომპეტენტურად გამოყენება საშუალებას იძლევა შეიქმნას ქვეყნის, რეგიონების, დარგების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების პრიორიტეტული მიმართულებების ხელსაყრელი კლიმატი (ნადარეიშვილი და სხვ. 2016).

        საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში - „საქართველოს შრომის ბაზრის ანალიზი. 2018“, ფორსაიტ-კომპეტენციებთან დაკავშირებით ინტერესს იწვევს ზოგიერთი  დასკვნა და რეკომენდაციები საქართველოში პროფესიული საგანმანათლებლო სივრცის სრულყოფისთვის, ესენია :

  • საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი საკვალიფიკაციო სისტემის ჩამოყალიბება;   

  • სამუშაოზე დაფუძნებული სწავლებაზე გადასვლის მიზნით კერძო სექტორისა და პროფესიული სასწავლებლების თანამშრომლობის წახალისება;

  • საზოგადოების ცნობიერების ამაღლება დასაქმებულთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე გაწეული ხარჯების აუცილებლობის შესახებ;

  • სასწავლო პროცესის სრულყოფა მოსწავლეებსა და სტუდენტებში სამეწარმეო უნარების ჩამოყალიბების მიმართულებით;

  • ახალგაზრდებში სამეწარმეო კულტურის ჩამოყალიბება;

  • მაღალტექნოლოგიური პროდუქციის მწარმოებელი საწარმოებისა და შესაბამისი სპეციალისტების მომზადების წამახალისებელი ღონისძიებების გატარება.

        აღნიშნული  საკითხების შესწავლა  დიდ მნიშვნელობას  იძენს მომავლის პროფესიების პროგნოზირებისა და დეფიციტური  კომპეტენციების მქონე სპეციალისტების მომზადების საქმეში.  

        სტუდენტებში სამეწარმეო უნარებისა და სამეწარმეო კულტურის ჩამოყალიბების მიმართულებით ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იმიტაციური მოდელირებისა და   სწავლების ინტერაქტიული მეთოდების საუნივერსიტეტო სასწავლო-სამეცნიერო ცენტრში შემუშავებულია და სტუდენტებთან  ტარდება მომავალი პროფესიული საქმიანობის მოდელებზე აგებული პრაქტიკული მეცადინეობები საქმიანი თამაშების სახით (კომპიუტერულ და ე.წ. „ხელით“ ვერსიაში).

       ამ მეთოდების გავრცელებას ხელი შეუწყო ე.წ. გეიმიფიკაციამ   განათლებაში, რაც გულისხმობს სერიოზული თამაშების გამოყენებას, როგორც სწავლებისა  და აღზრდის მეთოდს,  საგანმანათლებლო მუშაობის ფორმასა და, ზოგადად, სასწავლო პროცესის ორგანიზების და აქტივიზაციის საშუალებას.

         დღეს, ფორსაიტის ჩამოყალიბების, სპეციალისტთა კომპეტენციებისთვის უპირატესობის მინიჭების პირობებში, სტუდენტების პროფესიული იდენტურობის თემა ფართოდ არის გავრცელებული. პროფესიული მე-ს ჩამოყალიბება და მთლიანობაში მომავალი სპეციალისტის თავისი პროფესიული საქმიანობის ხედვა უკვე სტუდენტობიდან, ეხმარება ახალგაზრდებს სპეციალობის ათვისება-აღქმაში.

        ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, სტუდენტ-ეკონომისტების პროფესიული იდენტურობის დადგენა შესაძლებელი გახდა სწავლების ინტერაქტიული მეთოდების, კერძოდ, იმიტაციებისა და საქმიანი თამაშების  გამოყენებით. რეალობაში არსებული ობიექტის ანალოგ-მოდელთან მუშაობა მათ საშუალებას აძლევს თვალყური ადევნონ ობიექტის პარამეტრების გარდაქმნის სხვადასხვა კომბინაციას, სიტუაციების გაანალიზების შედეგად მოდელის  სრულყოფის გზების დასახვას.

         აღნიშნული მეთოდების დანიშნულებაა განუვითაროს სტუდენტებს მრავალმხრივი ცოდნა და უნარი, გამოუმუშაოს პროფესიული საქმიანობისთვის საჭირო თვისებები, რის შედეგადაც ვლინდება მათი პროფესიული იდენტურობა, რაც მომავალში  ხელს შეუწყობს მათ პროფესიონალებად ჩამოყალიბების პროცესს .   

      ცნობილია, რომ  პროფესიული იდენტურობა საკუთარი თავის გაიგივებაა  კონკრეტული პროფესიის მატარებელთან. როგორც  გამოცდილებამ და კვლევებმა გვიჩვენა,  აქ პროფესიული მე-ს ხედვაში სტუდენტებისთვის დომინირებს საკუთარი თავის დანახვა ანალიტიკოსის, მკვლევარის, კონსულტანტის, მარკეტოლოგის, ბისნესმენის, მენეჯერის როლში. ჩვენი კვლევების შედეგები ამ მიმართულებით გამოქვეყნებულია სხვადასხვა სამეცნიერო კრებულში(Tolordava ,2017).

          კომპეტენციების თვალსაზრისით საიტერესოა ასევე პროფესორ ე. ლაგვილავას აზრი: „სერიოზული მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს ე. წ. ზეპროფესიული, ანუ პროფესიათაშორისი უნარებისა და კომპეტენციების ფლობას, მაგალითად, როგორიცაა: ეკოლოგიური აზროვნება, სისტემური აზროვნება, პროექტების მართვა, ადამიანებთან მუშაობა, ალგორითმული აზროვნება, დარგთაშორისი კომუნიკაციები და ა. შ. ეს კომპეტენციები მრავალფეროვანი, უნივერსალური და მნიშვნელოვანია ნებისმიერი სფეროს სპეციალისტისთვის“ (ლაგვილავა, 2020).

         ნამდვილად, დღეს, როდესაც ეკოლოგიურმა კრიზისმა ისეთი მასშტაბები მიიღო, რომ მისი დაძლევა მხოლოდ ტექნიკური საშუალებებით შეუძლებელი გახდა, საჭიროა   შეიქმნას ბუნებასთან ურთიერთობის ახალი კულტურა. ამ მიზნით  ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე სტუდენტებთან გათვალისწინებულია იმ შინაარსისა და ფორმის მეცადინეობების ჩატარება, რაც უვითარებს მათ ეკოლოგიურ კულტურასა და  ცნობიერებას. ასეთებია მდგრადი განვითარების მოდელები, რომელშიც განიხილება როგორც ეკონომიკური, ასევე ეკოლოგიური მდგრადობა და სტუდენტებს ევალებათ შეარჩიონ ზღვისა და მისი სანაპიროების, პირობითი რეგიონის საწარმოებისა და  სოფლის მეურნეობის ობიექტების ფუნქციონირების ყველაზე მისაღები ვარიანტი, რომელიც უზრუნველყოფს ეკონომიკურ ზრდას გარემოს ნაკლები (მინიმალური) ზიანის მიყენებით (Tolordava,   2016).

        ამ სახის იმიტაციური მოდელები უვითარებს სტუდენტებს ეკოლოგიურ აზროვნებას, სისტემურ მიდგომას და ახალ კომპეტენციებს გარემოსდაცვით სფეროში, რომელსაც ისინი ეუფლებიან საქმიან თამაშში ფაქტების გაანალიზებისა  და სწორი გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

        ადამიანებთან მუშაობისა და  დარგთაშორისი კომუნიკაციების მიმართულებით ასევე დიდი მნიშვნელობა ენიჭება საქმიანი თამაშების  კიდევ ერთ ასპექტს – სოციალიზაციისადმი სტუდენტებში უნარის განვითარებას.   სოციალიზაციის  არსია ადამიანის კონკრეტული საზოგადოებისადმი შეგუება ან მისი იგნორირება. სოციალური უმწიფრობა, რომელიც სტუდენტს მოსდევს  სკოლიდან, შეიძლება დაიძლიოს აღნიშნული სწავლების მეთოდებით, სადაც მას  უხდება მუშაობა გუნდურად  და კოლექტიური  გადაწყვეტილების მიღება. 

        ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია მომავალი ბიზნესმენისთვის, მისი აუცილებელი კომპეტენციებია, ვინაიდან ის მეტწილად გადამწყვეტია წარმატებული ბიზნესის მისაღწევად სოციალურ გარემოში შესვლის გზით მისი სოციალური ნორმების, წესებისა და ფასეულობების, ცოდნის, უნარ-ჩვევების დაუფლებით, რაც მას საშუალებას მისცემს წარმატებით იმოქმედოს საზოგადოებაში.

          სოციალიზაცია  არის    პროფესიათაშორისი უნარებისა და კომპეტენციების ერთ-ერთი სახე,  მაგრამ, ზოგადად,  დარგთაშორისი კომპეტენციების ფლობა და გამოყენება სხვადასხვა მიმართულებით გლობალიზაციის, ბიზნესის ინტერნაციონალიზაციისა და აუტსორსინგის პირობებში, დიდ სამსახურს გაუწევს ნებისმიერ პროფესიონალ სპეციალისტს. 

          ზეპროფესიული უნარებისა და  კომპეტენციების ხარჯზე, მომავლის სპეციალისტები სირთულეების გარეშე შეძლებენ  ახალი ცოდნის მიღებას და ეკონომიკის სხვადასხვა დარგში კარიერის განვითარებას.



მომავლის პროფესიების პროგნოზი

 

      როგორც უკვე აღინიშნა,  არსებობს მსოფლიო კორპორაციების გაერთიანებები   ფორსაიტის ფარგლებში, კერძოდ  - Vision 2050 პროექტი. ეს არის მეწარმეთა მსოფლიო საბჭოს მდგრადი განვითარების პროექტი(WBCSD), რომლის ამოცანაა იმის დადგენა, თუ როგორი იქნება ბიზნესი 2050 წელს ეკონომიკური  ცვლილების პირობებში.

           ამასთან,  არანაკლებ ინტერესს იმსახურებს პროექტი - „ფორსაიტ -კომპეტენციები  2030“ , რომლის მონაწილეებმა განახორციელეს ტექნოლოგიური, ეკონომიკური და სოციალური ცვლილებების სისტემური ანალიზი ეკონომიკის 19 დარგში და შექმნეს დარგობრივი ”მომავლის რუქები” ახალი კომპეტენციებისა  და უნარ-ჩვევების დასადგენად , რაც მოთხოვნადი იქნება  უახლოეს  დროში. 

           პროექტის ფარგლებში შემუშავებული „ახალი პროფესიების  ატლასი“ მასშტაბური კვლევის შედეგია, რომელშიც      2500-ზე მეტმა უცხოელმა ექსპერტმა მიიღო მონაწილეობა.   მათ ჩამოაყალიბეს პერსპექტიული პროფესიების ჩამონათვალი დარგების მიხედვით, ასევე განსაზღვრეს იმ პროფესიათა სახეობები,  რომლებიც მომდევნო 15-20 წლის განმავლობაში გაუქმდება (Атлас новых профессий, 2020).

         „ახალი პროფესიების ატლასი“ მოიცავს 140 ახალ პროფესიას 19 დარგში, მათ შორის: მედიცინა - 16, მენეჯმენტი - 14, IT სექტორი - 10, განათლება - 10, ენერგოქსელები და ენერგომოხმარების მართვა - 9, სახმელეთო ტრანსპორტი - 9, რობოტტექნიკა და მანქანათმშენებლობა - 8, ავიაცია - 7, ენერგოგენერაცია   და ენერგიის დაგროვება - 7, სოციალური სფერო - 7, ბიოტექნოლოგია - 6, ეკოლოგია - 6, მშენებლობა - 6, ახალი მასალები და ნანოტექნოლოგია - 5, კოსმოსი- 5, საფინანსო სექტორი - 5, საბავშვო საქონლის წარმოებისა და მომსახურების ინდუსტრია  - 4, წყლის ტრანსპორტი - 3,  სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება და გადამუშავება - 3.

          წინამდებარე სტატიაში განხილულია  „ახალი პროფესიების ატლასის“ ის პროფესიები, რაც უკავშირდება ბიზნესს, ესენია:

 კორპორატიული  ვენჩურული ფონდების პორტფელის მენეჯერი -  სპეციალისტი, რომელიც მართავს კომპანიის ინვესტიციების დაბანდებას  მისი  თანამშრომლების იდეების საფუძველზე შექმნილ სტარტაპებში, რომელიც მიმართულია კომპანიის პროდუქციის წარმოების განვითარებაზე;

 მომხმარებელთა საზოგადოების მოდერატორი - სპეციალისტი, რომელიც ორგანიზებას უწევს მომხმარებელთა ონლაინ-საზოგადოებებს, აწარმოებს დიალოგს კომპანიის პროდუქტის შემქმნელებთან და  ხელს უწყობს მონაწილეთა შორის ლოიალური გარემოს შენარჩუნებას და ა.შ; 

 პერსონალური ბრენდმენეჯერი - სპეციალისტი, რომელიც  მუშაობს  პირადი იმიჯის  ფორმირების სფეროში სოციალური ქსელების და სხვა საზოგადოებრივი პლატფორმების გამოყენებით, შემკვეთის მიზნებისა და მოთხოვნების შესაბამისად;

 ინდივიდუალური ფინანსური ტრაექტორიის დამპროექტებელი -   სპეციალისტი, რომელიც გამოთვლის პირადი ინვესტიციის მოდელს, დაგეგმილი შემოსავლისა და ხარჯების საფუძველზე, იძლევა რეკომენდაციებს ოჯახისა და პირადი ბიუჯეტის დაგეგმვისა და კარიერული განვითარების შესახებ;

 ტაიმ- ბროკერი  - სპეციალისტი, რომელიც "ყიდის" მუშაკების  სამუშაო დროს, რომლებიც არიან თავისუფალ დასაქმებაში, ანუ ის მართავს სხვის დასაქმებას ღია ბაზარზე.

პერსპექტივაში გაიზრდება არაიერარქიული ორგანიზაციების როლი (მაგალითად, დამოუკიდებელი მწარმოებლების თემები), რომლებიც კოორდინაციას გაუწევენ მათი წარმოებისა და გაყიდვების გეგმებს, ინვესტიციებს აღჭურვილობაში  და ადამიან- კაპიტალში.

 თემების  განვითარების პროგრამის კოორდინატორი - სპეციალისტი, რომელიც  საქმიანი ურთიერთობების  ორგანიზებას უწევს დამოუკიდებელ საწარმოო გუნდებს შორის, ათანხმებს მათ გრძელვადიან მიზნებსა და მომავლის საერთო ხედვას, ეხმარება მათ განსაზღვრონ ერთობლივი ინვესტიციების პროგრამა საწარმოო სიმძლავრეებში.

გმო-აგრონომი - სპეციალისტი, რომელიც ქმნის  გენმოდიფიცირებულ პროდუქტს, ნერგავს ბიოტექნოლოგიურ მიღწევებს   და გარკვეული, წინასწარ განსაზღვრული  თვისებების მქონე პროდუქციას აწარმოებს.ამ პრობლემისადმი საზოგადოების დაპირისპირების მიუხედავად, მეცნიერთა უმეტესობა ამტკიცებს გმო- პროდუქციის უვნებლობას, რის გამოც მისი გამოყენების მოცულობა მსოფლიოში პერმანენტულად იზრდება.

        ინფორმაციული ტექნოლოგია ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ინდუსტრიაა. ამ სფეროში მომხდარი ცვლილებები სტიმულს აძლევს ეკონომიკის თითქმის ყველა დარგს. დიზაინი, ტრანსპორტირება, ადამიანებისა და რესურსების მართვა, მარკეტინგი - ყოველივე  ეს და მრავალი სხვა სფერო იცვლება ინფორმაციული ტექნოლოგიის გავლენით.

 ინტერფეისის დიზაინერი   მონაწილეობს სხვადასხვა დონის აღჭურვილობის, ტექნოლოგიის, პროგრამული უზრუნველყოფის ინტერფეისების შექმნაში და უზრუნველყოფს "მეგობრული", ადამიანისთვის ადაპტირებადი და უსაფრთხო გარემოს შექმნას.

 ქსელური იურისტი  -  სპეციალისტი, რომელიც  შეიმუშავებს ქსელში ნორმატიულ- სამართლებრივი ურთიერთქმედების მოდელს, ადამიანისა და საკუთრების სამართლებრივი დაცვის სისტემებს ინტერნეტში (ვირტუალური საკუთრების ჩათვლით).

 გეიმ-მასტერი (game master) -   საქმიანი თამაშების კონსტრუირებისა და ორგანიზების  სპეციალისტია, რომელიც იყენებს სიმულატორებს და თამაშებრივ  ელემენტებს არასათამაშო პროცესებში. 

          განათლებაში მასშტაბურმა  გეიმიფიკაციამ გამოიწვია მოთხოვნა ამ მიმართულების სპეციალისტებზე. უკვე 2001 წელს MIT-მა და Microsoft-მა წამოიწყეს ერთობლივი პროექტი - Games-to-Teach (თამაშები სწავლებისათვის). 2013 წლიდან ცნობილი საგანმანათლებლო პორტალი Coursera აცხადებს კურსს -„კომპიუტერული თამაშები და სწავლება“, ნიუ-იორკის უნივერსიტეტი კი მსურველებს სთავაზობს გეიმმასტერების სამაგისტრო პროგრამას, რუსეთში დიდი ხანია არსებობს  საგანმანათლებლო თამაშების სრულიად რუსეთის ასოციაცია. როგორც შედეგი, „ახალი პროფესიების ატლასში“ შესულია გეიმმასტერის პროფესია.

       როგორც  ჩამონათვალიდან ჩანს, ახალი პროფესიების ატლასი შედგენილია  ახალი ტექნოლოგიების გამოყენების, ახალი ბაზრების ათვისების, ახალი  პროდუქციის წარმოების გათვალისწინებით, რომელთა წარმატებული რეალიზაცია მხოლოდ მაშინ იქნება  შესაძლებელი, თუ ქვეყანას ეყოლება სპეციალისტები, რომლებიც შეძლებენ ამ  გეგმების განხორციელებას. 

 

დასკვნა

 

         პროგნოზისგან განსხვავებით, რომელიც არის მოძრაობა აწმყოდან მომავლისკენ და, არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, მომავლის პერსპექტივას გულისხმობს, ფორსაიტი პირიქით, არის მოძრაობა მომავლიდან დღემდე და ის,  ტრადიციულ პროგნოზთან შედარებით, გულისხმობს გაცილებით უფრო კომპლექსურ მიდგომას.   

          რთულად პროგნოზირებადი მოვლენების  იდენტიფიცირება, რასაც შეუძლია მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს საზოგადოებასა და ეკონომიკაზე,  ტრადიციული პროგნოზების გამოყენებით მიუღწეველია.

         არსებული და სამომავლო პერსპექტივის მოსალოდნელი ცვლილებების კვლევების საფუძველზე, ექსპერტების სათანადო შეფასების, გეიმიფიკაციის მეთოდების გამოყენებით, ანუ  ფორსაიტის ამ აუცილებელი კომპონენტების გარეშე   მომავლის ხედვა,  განვითარების შესაძლო ვარიანტების დადგენა და    გამოწვევების არსებობის შემთხვევაში პასუხების გაცემა შეუძლებელია.

       დღეს კონკრეტული დარგის, სფეროს სპეციალისტის ფორსაიტ-კომპეტენციის ფორმირების კუთხით საჭიროა ისეთი სპეციალისტების მომზადება, რომლებიც შეძლებენ ახალი მიმართულებების,  გეგმების განხორციელებას. გარდა ამისა ინტერესს წარმოადგენს არამარტო მათი პროფესიული მომავალი, არამედ ე.წ. ზეპროფესიული კომპეტენციებიც.

      ამ მიმართულებით, ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იმიტაციური მოდელირებისა და   სწავლების ინტერაქტიული მეთოდების საუნივერსიტეტო სასწავლო-სამეცნიერო ცენტრში ჩატარდა  და მოხსენებულ იქნა სხვადასხვა საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმზე კვლევების შედეგები. საქართველოს ტელევიზიით არაერთხელ გაშუქდა და სპეციალური გადაცემები მიეძღვნა ცენტრის საქმიანობაზე სტუდენტების სწავლების შესახებ.

       აღნიშნულ ცენტრში შემუშავებულ და სხვა მოწინავე სასწავლო ცენტრების მოდელების გამოყენების საფუძველზე, რომლის დანიშნულებაა განუვითაროს სტუდენტებს მრავალმხრივი ცოდნა და უნარები, გამოუმუშაოს პროფესიული საქმიანობისთვის საჭირო კომპეტენციები, გამოვლინდა:

  1. კონკრეტული დარგის, სფეროს სპეციალისტის ფორსაიტ-კომპეტენციის ფორმირების მოდელი, სადაც სტუდენტი ხედავს თავის პროფესიულ მომავალს. ეს დაკავშირებულია პროფესიული იდენტურობის დადგენის მაღალ დონესთან, როდესაც  საკუთარი თავის გაიგივება საქმიანი თვისებებითა და უნარებით კონკრეტული პროფესიის მატარებელთან არაცალმხრივად  ვლინდება. ჩვენმა კვლევებმა დაგვანახა, რომ ასეთებია პროფესიული მე-ს ხედვაში  სტუდენტებისთვის ანალიტიკოსის, მკვლევრის, კონსულტანტის, მარკეტოლოგის, ბისნესმენის, მენეჯერის სპეციალობები. ცნობილია, რომ სტუდენტობიდანვე ამგვარი  ხედვა   მომავალ სპეციალისტს  ხელს შეუწყობს პროფესიული კომპეტენციების ათვისებასა და პროფესიონალად  ჩამოყალიბებაში. 

  2. ზეპროფესიული, ანუ პროფესიათაშორისი უნარებისა და კომპეტენციების მიმართულებით, კერძოდ, ეკოლოგიური აზროვნების თვალსაზრისით, კვლევებმა  დაგვანახა, რომ სტუდენტების  გარემოსდაცვით იმიტაციურ ექსპერიმენტში როლებრივი მონაწილეობა, ამ სტრუქტურის რეალური სპეციალისტების ფუნქციების შესრულებით,   უვითარებს მათ ეკოლოგიურ კულტურასა და  ცნობიერებას და ქმნის ახალ კომპეტენციებს გარემოსდაცვით სფეროში.

  3. დარგთაშორისი უნარებისა და კომპეტენციების კიდევ ერთი მიმართულება - სოციალიზაცია, გამოვლინდა სტუდენტების ისეთ  საქმიან თამაშებში მონაწილეობით, სადაც მათ უხდებოდათ კონკურენტულ გარემოში მუშაობა, სხვადასხვა ინტერესის მქონე   ჯგუფების არსებობის პირობებში, როდესაც    ხდება კონკრეტული ჯგუფების ინტერესების მიღება   ან  მისი უარყოფა, თუ ის საზიანოა საზოგადოებისთვის, რაც დასტურდება   სათანადო დასაბუთებით. სოციალიზაცია, რაც პროფესიათაშორისი უნარებისა და კომპეტენციების ფლობაა, წარმატებული ბიზნესის წარმართვის მნიშვნელოვანი პირობაა.

  უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი კვლევებით  დადგენილ უნარებისა და კომპეტენციების  გარდა, ამ კუთხით  საქმიან თამაშებს და იმიტაციურ ექსპერიმენტებს  ახლავს  სხვა უპირატესობებიც, ესენია: სტუდენტთა საქმიანი აქტივობისა და შემოქმედებითი უნარის განვითარება; სწავლებისას,      მათ მიერ მიღებული კომპეტენციებიდან გამომდინარე,   საწარმოო გადაწყვეტილებების სხვადასხვა ვარიანტებიდან ოპტიმალურის შერჩევა; მიახლოებას მომავალი პროფესიული საქმიანობის რეალურ პირობებთან; მომავალი სპეციალისტის ადაპტაციის პერიოდის შემცირება წარმოებაში და სხვ.

   ყველა ეს უნარი და კომპეტენცია  მნიშვნელოვანია ნებისმიერი სფეროს     სპეციალისტისთვის.

 

ლიტერატურა :

  • თოლორდავა ჟ. (2017). ბიზნესგანათლება  ცოდნის   ეკონომიკის ფორმირების საფუძველი.  ჟურნ. „ეკონომიკა და ბიზნესი“ №2    .                  

  • ” UNIDO Technology Foresight Manual”, Vienna. 2005. 

  • https://www.research.gov.ro/uploads/imported/1226911327TechFor

  • Becker Р. (2003). Corporate Foresight in Europe: A First Overview / P. Becker. - Luxembourg, - pp. 27.

  • Robiati A. (2020). Quali  strumenti per generare disegni di futuro?

  • https://www.cottinosocialimpactcampus.org/alberto-robiati/?cn-reloaded=1                                           

  • Dirina E., Ivankina L. (2015). Application of  Foresight Technology in Russia and Abroad.     http://earchive.tpu.ru/handle/11683/20057

  •  ნადარეიშვილი ნ.,  ძიძიკაშვილი  ნ.,  კიკაბიძე კ.(2016).  ფორსაიტი - ქვეყნის     განვითარების პრიორიტეტების შერჩევის ინსტრუმენტი. ჟურნ. „სოციალური ეკონომიკა“ №3.

  •  „საქართველოს შრომის ბაზრის ანალიზი. 2018“. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების     სამინისტროს  ანგარიში. 

  • Tolordava J. (2017). Development of the Professional Identity of the Economics Students trough the Simulation Modeling Method. 10th edition of the International Conferences  “Advances in Science, Innovation and Management" Romania. 

  •  ლაგვილავა ე. (2020). კადრების მომზადების სისტემის ტრანსფორმაცია ციფრული ეკონომიკის პირობებში. ჟურნ. ახალი ეკონომისტი.  №1-2. 

  • Tolordava J. (2016). Environmetntal Simulation Games and Ecopsichology. YIII International Congress of Psichology and Education. Alicante Espagne.

  •  Каталог профессий /Атлас новых профессий (2020).  https://atlas100.ru/catalog/obrazovanie/ 

 

References:

 

  • Tolordava Zh. (2017) biznesganatleba tsodnis ekonomikis pormirebis sapudzveli. [Business Education and Economics of Knowledge.  Journal “Economics and Business. №2]. in Georgian.                     

  • ” UNIDO Technology Foresight Manual” Vienna. 2005. 

  •      https://www.research.gov.ro/uploads/imported/1226911327TechFor

  • Becker, Р. (2003). Corporate Foresight in Europe: A First Overview / P. Becker. - Luxembourg, - pp.27 

  • Robiati A. (2020) Quali strumenti per generare disegni di futuro?                                               https://www.cottinosocialimpactcampus.org/alberto-robiati/?cn-reloaded=1 

  •  Dirina E., Ivankina L. (2015). Application of  Foresight Technology in Russia and Abroad.

http://earchive.tpu.ru/handle/11683/20057

  • Nadareishvili N., Dzidzikashvili N., Kikabidze K., Foresight (2016).  kveqnis ganvitarebis prioritetebis sherchevis instrumenti. [A Tool for Identifying the Country's Development Priorities, Journal of Social Economics, issue #3.] in Georgian.

  • „sakartvelos shromis bazris analizi. 2018“  [Labor Market Analysis of Georgia, 2018 by the Ministry of Economy and Sustainable Development of Georgia.]  in Georgian. http://www.lmis.gov.ge/Lmis/Lmis.Portal.Web/Handlers/GetFile.ashx?Type=Content&ID=090013a0-4e24-4222-9e1b-c3f8dbccaa9d

  • Tolordava J. (2017). Development of the Professional Identity of the Economics Students Trough the Simulation Modeling Method. 10th edition of the International Conferences  “Advances in Science, Innovation and Management", Romania. 

  • Lagvilava E.( 2020). kadrebis momzadebis sistemis transpormatsia tsipruli ekonomikis pirobebshi. [Transformation of the Personnel Training System in the Conditions of Digital Economics.  “New Economist”. №1-2.] in Georgian. 

  • Tolordava J.  (2016). Environmetntal simulation games and Ecopsichology. YIII   International Congress of Psichology and Education. Alicante Espagne 

  • Каталог профессий /Атлас новых профессий (2020) https://atlas100.ru/catalog/obrazovanie/